ხშირად მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებს ადამიანები ზრდასრულ ასაკში იმკიან. ძალიან ხშირად მოზრდილთა პრობლემები სწორედ ბავშვობიდან იღებს სათავეს და ეს შეცდომები შვილებს ძალიან ძვირი უჯდებათ.
ფსიქოლოგ ზაზა ვარდიაშვილს ვთხოვეთ, ქართველი მშობლების ყველაზე გავრცელებული და გამოუსწორებელი შეცდომები ჩამოეთვალა.
ფიზიკური დასჯა - მშობლების მიერ ბავშვის ფიზიკური დასჯის შედეგად, ბავშვი აგრესიული ხდება, იმეორებს ქმედებებს და ძალადობს სხვა ბავშვებზე.
ფსიქოლოგიური ზეწოლა - ისეთი სახის მუქარა, როგორებიცაა: "მიგატოვებ, თუ ცუდად მოიქვევი", "შენი დედა აღარ ვიქნები" და ა.შ ბავშვს
დანაშაულის გრძნობას უყალიბებს, რაც იწვევს მოტივაციის ნაკლებობას.
დამოუკიდებლობის შეზღუდვა - მშობლები ხშირად ერევიან ბავშვის ცხოვრებაში, სასწავლო პროცესში მცირე ასაკიდან, რაც იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას სწავლის მიმართ და ამას აქვს ხანგრძლივი გავლენა. სამომავლოდ კი, რთულად ეჩვევა დამოუკიდებლობას.
სხვასთან შედარება - სხვა ბავშვებთან შედარება, პატარას თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს.
მშობლების კონფლიქტები ბავშვის თანდასწრებით - ასეთ დროს ბავშვს საკუთარი თავი მიაჩნია დამნაშავედ და სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება.
ბავშვთან ვაჭრობა - მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომას და ბავშვს ევაჭრებიან ამა თუ იმ ქმედების სანაცვლოდ პატარას საჩუქრებით, თუმცა სინამდვილეში ასეთ დროს წარმოიქმნება ზედმეტი დაძაბულობა, რაც მის ქმედითუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს.